სწორი მიმართულებით მივდივართ და ჩვენი ამბიციური ამოცანაა, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, მოწინავე ქვეყნებს შორის დავიკავოთ ადგილი - პრემიერი

12 თებერვალი 2025, 17:35 87 ნახვა

სწორი მიმართულებით მივდივართ და ჩვენი ამბიციური ამოცანაა, მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც მსოფლიო ქვეყნების სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.

პრემიერის თქმით, კორუფციის უფრო მეტად შემცირება არის ხელისუფლების ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა.

„რაც შეეხება კორუფციის მეტად შემცირებას, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა, ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, რაზეც არაერთხელ მისაუბრია, მათ შორის პარლამენტის სხდომათა დარბაზში. არა მარტო მისაუბრია, ამისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გასული წლის თებერვლიდან დღემდე. კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, კონკრეტული ზომები იქნა მიღებული, რათა შემცირებულიყო ქვეყანაში კორუფციის დონე და კორუფციასთან დაკავშირებული რისკები. შესაბამისად, სწორი მიმართულებით მივდივართ და ჩვენი ამბიციური ამოცანაა, მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც მსოფლიო ქვეყნების სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. სადაც არის პოლიტიკური ნება, იქ შედეგი არის მიღწევადი, დანარჩენი არის სამუშაო პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბევრი ფაქტორი კომპლექსურად უზრუნველყოფს, რომ ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა უსაფრთხოების მაღალი დონით, მომავალშიც უნდა განვაგრძოთ ზრუნვა, რომ მაღალი დონე შევინარჩუნოთ.

"საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაღალ დონეს ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მინდა, კონკრეტულად მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოში გარემო იყოს უსაფრთხო როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე ჩვენი ვიზიტორებისთვის. ბევრი ფაქტორია, ქვეყანა ვითარდება, ვითარდება სტაბილურად, ეკონომიკური პროგრესი რაც გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარების გაუმჯობესებას. ბევრი ფაქტორი ერთად, კომპლექსურად უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა უსაფრთხოების მაღალი დონით. მომავალშიც უნდა განვაგრძოთ ზრუნვა, რომ ეს მაღალი დონე შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში