არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ინტერესია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და იგივე ინტერესი გამოიხატა პარტნიორების მხრიდან გაერთიანებულ საამიროებში.
„გრძელდება ვიზიტი, დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის. აქაც საუბარი გვქონდა ჩვენი ურთიერთობების პოლიტიკურ განზომილებაზე. ასევე ხაზი გავუსვით მჭიდრო ეკონომიკურ პარტნიორობას. გვქონდა საუბარი საინვესტიციო პროექტებზე, რომელიც ერთობლივად ხორციელდება და მადლობა გადავუხადეთ ზოგადად, ბატონ ემირს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის და თბილი დამოკიდებულებისთვის.
ჩვენი ამოცანაა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და იგივე ინტერესი გამოიხატა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ასევე დღეს ვიყავით ჩასული აბუ-დაბი პორტში, სადაც გვქონდა საინტერესო შეხვედრა. გავეცანით პორტის მუშაობას. აქაც გვაქვს ერთობლივი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება და ასევე სხვა მიმართულებითაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში ოპერირების ინტერესი. აქაც გამოვთქვით სრული მზადყოფნა, იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას. არაბთა გაერთიანებული საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერმა.