საქართველო თურქეთში, სტიქიური უბედურების ზონაში აგზავნის კიდევ 40 მეხანძრე-მაშველს. ისინი შეუერთდებიან 60 ქართველ მაშველს, რომლებიც თურქეთში ორი დღის წინ გაემგზავრნენ და მიწისძვრით დაზიანებულ ქალაქ ადიამანში მუშაობენ.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად მონაწილეობდნენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში და ნანგრევებიდან ამოიყვანეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ქართველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და ძაღლებით.
ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით.