თურქეთში მიწისძვრამ სულ მცირე 912 ადამიანი იმსხვერპლა

06 თებერვალი 2023, 15:03 1031 ნახვა

თურქეთში ძლიერი  მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 912 ადამიანი დაიღუპა - აცხადებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 5 ათას 385 ადამიანი დაშავდა პროვინციებში - მალატიაში, შანლიურფაში, ოსმანიესა და დიარბაკირში, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს ციფრები მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განაცხადა, რომ 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დილის 4:17 საათზე დაფიქსირდა და მისი ცენტრი პაზარჩიკის რაიონში იყო.  მას მოჰყვა 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ გაზიანტეპის პროვინციაში დაფიქსირდა. მესამე 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გაზიანთეპშიც მოხდა.

მიწისძვრის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ სამაშველო ჯგუფები და თვითმფრინავები გაგზავნა სტიქიური უბედურების რაიონში და გამოაცხადა "მე-4 დონის განგაში", რომელიც მოითხოვს საერთაშორისო დახმარებას.  ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 10 ათას მიაღწიოს.

ეკონომიკური ზარალი სავარაუდოდ  10  მილიარდ დოლარამდე იქნება. მიწისძვრის შემდეგ თურქეთის ეროვნული ვალუტა ლირა რეკორდულად დაეცა. თურქეთთან ერთად მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია მეზობელ სირიაშიც. ბიძგები იგრძნობოდა ლიბანში, კვიპროსსა და ღაზის სექტორშიც.

თურქეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სეისმურ ზონაში მდებარეობს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი