მივმართავ „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს, ნუ გვიშლიან ხელს, ფაქტია, რომ სააკაშვილი ასრულებს მათ რეკომენდაციებს - ზურაბ ჩხაიძე

02 თებერვალი 2023, 14:50 607 ნახვა

მივმართავ ორგანიზაცია "ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს, ჩვენი პირველი მთავარი ამოცანაა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, ნუ გვიშლიან ამაში ხელს, - ამის შესახებ „ვივამედის“ დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტი სააკაშვილი კვებასთან დაკავშირებით „ემპათიას“ რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

"მივმართავ ორგანიზაცია „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს. გაუფრთხილდნენ პაციენტის სიცოცხლეს. ჩვენი პირველი მთავარი ამოცანაა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, ნუ გვიშლიან ამაში ხელს. ჩვენ პაციენტს არასდროს დავადანაშაულებთ, მაგრამ ფაქტია, რომ პაციენტი ასრულებს მათ რეკომენდაციებს. დიახ, კალორაჟი, ყველაფერი შერჩეულია, კონსულტირებულია იმ ჯგუფის ექიმების მიერ. შესაბამისად, პაციენტი ექვემდებარება იმას. ეს არის ის კალორაჟი, რომელიც არის მინიმალური რაოდენობა სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, მაგრამ არა მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თუ არა გასაუარესებლად.

 

მისი მდგომარეობა თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება, დამძიმდეს. ეს ეხება კვებასაც, მედიკამენტების შერჩევითობასაც. თუ პაციენტი გარკვეულ პერიოდში გარკვეულ მედიკამენტზე უარს ამბობდა, ესეც პირდაპირ ვამბობ ამ ორგანიზაციის ექიმების რეკომენდაციით ხდებოდა. ამიტომ, ჩვენს ექიმებს ნაკლები საშუალება ეძლეოდათ. მიზანი იყო ის, რომ მოვსულიყავით დღევანდელ დღემდე და შემდეგ დასმულიყო კითხვა, რა გააკეთეთ თქვენ ამ რვა თუ ცხრა თვის განმავლობაში?“ ქალბატონი ჯიშკარიანი უკვე ყველა ზღვარს გადასცილდა, უკვე უვიცებად მოიხსენიებს კლინიკის ექიმებს. არ არის ქალბატონი ჯიშკარიანი პრაქტიკოსი ექიმი, ამიტომ პრაქტიკოს ექიმებს რეკომენდაციებს ვერ მისცემს, მკურნალობის კორექციაში ვერ ჩაერევა ვერანაირად. ამ მართვაში ხელისშემშლელი ფაქტორი ძირითადად რაც არის, ეს არის „ემპათიის“ ჯგუფი. ეს არის დისკრედიტაცია მთლიანად მთელი ქართული სამედიცინო საზოგადოების, რომელიც ცნობილია თავისი უმდიდრესი ტრადიციებით მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი იღებს საკვების იმ კალორაჟს, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისთვის მინიმალურია.

"აქამდე მივანიშნებდი და ახლა ღია ტექსტს ვამბობ, ეს ყველაფერი კალორაჟი შერჩეულია, იმ ჯგუფის ექიმების მიერ და შესაბამისად, პაციენტი ექვემდებარება იმას, ანუ ეს ის კალორაჟია, რომელიც მინიმალური რაოდენობაა სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, მაგრამ არა მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუ არა გასაუარესებლად. მე ამიტომაც წინა კომენტირებისას ვთქვი, რომ მისი მდგომარეობა ასე თუ გაგრძელდება შეიძლება დამძიმდეს, წონაში კლებაც იყოს, ეს ადამიანები ჩასაფრებულებია არიან, რომ პაციენტმა გრამები მოიკლოს და ამით ლამის ყიჟინა შემოცხონ“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და პარამეტრებიც სტაბილურია.

"პირველ რიგში, გეტყვით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მას გუშინ საღამოს აღენიშნებოდა 37,2 ტემპერატურა, ხოლო ამ დილით აღენიშნება 37,3 ტემპერატურა. მისი მდგომარეობა და პარამეტრებიც სტაბილურია, ჰემოდინამიკურიც და რესპირაციულიც“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი