ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების (გ.ჯ. და ი.მ.) ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 376,48 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლის მიზნით, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები სამგზავრო ავტობუსის სავარძლის ქვეშ განათავსა და მალულად ცდილობდა შემოტანას.
ოქროს საიუველირო ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 33 628,5 ლარი შეადგინა.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს გ.ჯ.-ს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 5 244,5 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო ი.მ.-ს მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.