საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის კონკურსის პირველ ეტაპს იწყებს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირების თარიღი, დრო და გამოცდის ხანგრძლივობა განისაზღვრა. ტესტირება, ელექტრონული ფორმით, 2023 წლის 22 იანვარს ერთ სესიად ჩატარდება. ტესტირება 12 საათზე დაიწყება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე განცხადებით, დირექტორობის მსურველები საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციისათვის ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ და თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან პასპორტი. დაგვიანების, პირადობის მოწმობის ან პასპორტის არქონის შემთხვევაში, აპლიკანტები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
"ტესტირებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ იმ პირებს, რომლებმაც 2020 წლის 3 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით და 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით გაიარეს რეგისტრაცია, ამასთან, განცხადებით არ მოითხოვეს რეგისტრაციის გაუქმება და რეგისტრაციისათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
ტესტირების ხანგრძლივობა შეადგენს ხუთ საათს. რაც შეეხება მხედველობის პრობლემის მქონე დირექტორობის მსურველებს, მათ დამატებით კიდევ 30 წუთი მიეცემათ. ტესტირების დროის გახანგრძლივების მიზნით, მხედველობის პრობლემის მქონე პირებმა წინასწარ უნდა მიმართონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და წარმოადგინონ შესაბამისი განაცხადი მხედველობის შესახებ სამედიცინო დასკვნასთან ერთად.
ინფორმაცია საგამოცდო ცენტრების შესახებ გამოქვეყნდება 2023 წლის 17 იანვარს ვებგვერდზე.
ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები 2022 წლის 24 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომია ვებგვერდზე, ხოლო ჩატარებული ვებინარების ჩანაწერების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების მოზიდვა წარმოადგენს. ამ მიმართულებით ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, სამინისტრომ დირექტორობისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა, რომლის საფუძველზეც 2022 წელს, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი მომზადდა"- განმარტავენ სამინისტროში.