ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისთვის სავალდებულო კოვიდტესტირებას დააწესებს. ამის შესახებ აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ. პეკინის მკაცრ ნულოვან კოვიდპოლიტიკაზე უარისა და ჩინეთში ახალი კოვიდაფეთქების შემდეგ საზღვრებზე ჩინეთის მოქალაქეებზე შეზღუდვები ინდოეთში, იტალიაში, იაპონიასა და ტაივანში დააწესეს. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ 5 იანვრიდან 2 წელზე უფროსი ასაკის ყველა მგზავრს ჩინეთიდან, ჰონგ კონგიდან და ასევე მაკაოდან გამგზავრებამდე ორი დღით ადრე კოვიდტესტირების გავლა მოეთხოვება. კოვიდგადატანილ მგზავრებს ტესტირების ნაცვლად გამოჯანმრთელების ცნობის წარდგენა შეუძლიათ. საზღვრებზე კოვიდშეზღუდვების დაწესება ჩინეთში გავრცელებული ვირუსის ვარიანტების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია. სპეციალისტები შიშობენ, რომ ჩინეთში კოვიდშემთხვევების გაზრდილი რაოდენობა ვირუსის მუტაციას შეუწყობს ხელს.