ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე და ძალადობის ორ ეპიზოდზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
"საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა პირმა განსაკუთრებული სისასტიკით, დანის დარტყმით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა მეუღლეს და ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის დედის მიმართ.
დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მოხერხდა დაზარალებულის გადარჩენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” პრიმა და „ვ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინა (ოჯახური ძალადობა).
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.