„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 75 ხმით, 1 წინააღმდეგ მიიღო. ცვლილების მიხედვით, 2023 წლიდან სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო 1000-1200 პრეპარატებზე განისაზღვრება, შემდეგ კი სხვა სამკურნალო საშუალებებსაც შეეხება.