სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ საუბარი შეიძლება იყოს არა სასჯელის გადავადებაზე, არამედ სასჯელისგან გათავისუფლებაზეც - შალვა ხაჭაპურიძე

07 ნოემბერი 2022, 16:24 636 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ საუბარი შეიძლება იყოს არა სასჯელის გადავადებაზე, არამედ სასჯელისგან გათავისუფლებაზეც.

„დიაგნოზები, რომლებიც დასვეს ამერიკელმა ექიმებმა, ქართველი ექიმების დიაგნოზებისგან სერიოზულად განსხვავდება. მძიმე დიაგნოზებია და არათუ გადავადებაზე, სასჯელისგან გათავისუფლებაზეც შესაძლოა, იყოს საუბარი. ამ დიაგნოზებს თუ გავყვებით, მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ჯანდაცვის მინისტრის სპეციალური ბრძანებულება მის გათავისუფლებას ითვალისწინებს. დანარჩენი ვნახოთ.

არ მინდა ქართველი ექიმების კრიტიკა, ანუ ექსპერტიზა დიდი  ხანია, მიმდინარეობს. იყო რაღაც დიაგნოზები, შემდეგ კიდევ სხვა ექსპერტიზა ტარდებოდა. პერმანენტულად მიმდინარეობდა ექსპერტიზა. ექსპერტების დიაგნოზები მძიმდებოდა და მძიმდებოდა. ბოლოს იყო ამერიკელების დასკვნა, რომელმაც საერთოდ კატასტროფული სურათი დახატა. ექსპერტიზას შეეძლო, აქ შეეწყვიტა და ეთქვა, ასეთი დიაგნოზები აქვს და დანარჩენი ადვოკატებმა გადაწყვიტონ, მიმართონ სასამართლოს თუ – არაო. ჩვენ უფრო შორს წავედით და დავიწყეთ კვლევა, რა არის ამერიკელების მიერ გაცემული დიაგნოზების გამომწვევი მიზეზები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი საერთოდ არ არის ავად. ამიტომ ჩვენ არათუ ვიტყვით, რომ ის ავად არის და დავადასტურებთ ამას,  არამედ ახლა ვცდილობთ, დავადასტუროთ, დიაგნოზი საიდან და რატომ უნდა იყოს. არ დაგვავიწყდეს, რომ დაკავების პერიოდში სააკაშვილს არანაირი დაავადება არ ჰქონდა, იყო ჯანმრთელი. საპატიმროში თავისი ფეხით შევიდა და მისი მდგომარეობა ეტაპობრივად დამძიმდა. ცხელების მიზეზიც კი სხვა რამეა. ქართული კვლევების მიხედვით დაუდგენელია, რატომ აქვს სიცხეები, თუმცა ამერიკელებმა ამ კითხვას პასუხი გასცეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს, რატომ მივიდა სააკაშვილი რამდენიმე თვეში ასეთ ცუდ მდგომარეობამდე და რა გახდა ამის მიზეზი. მიშას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, ისევ ცუდი ფერი აქვს, გადაადგილება უჭირს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით,  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევაა დანიშნული, რასთან დაკავშირებითაც დასკვნა ნოემბრის ბოლოს იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში