საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვას დადებითად აფასებს.
პრეზიდენტის შეფასებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ყველა, მის ხელთ არსებული ბერკეტი გამოიყენოს.
"მივესალმები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას! უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად და საზოგადოების სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა, მის ხელთ არსებული ბერკეტი“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე განხილულ იქნა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მათივე ცნობით, ასევე განხილულ იქნა ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი.