ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით თბილისში აფასებენ. ის ერთ-ერთ იუთუბ არხზე გამართულ დისკუსიაში აცხადებს, რომ უკრაინას მალე ქართველების დახსნა მოუწევს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში, რაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს "შველაზე". ზელენსკის მრჩეველი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ანგრევს ყველაფერს, რაც სააკაშვილმა ააშენა. მმართველ გუნდში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის სიტყვებს შემაშფოთებელს და კატასტროფულს უწოდებენ. "ქართული ოცნების" დეპუტატების შეფასებით, არესტოვიჩის სიტყვები პირდაპირი მუქარაა. არესტოვიჩის განცხადებების სამხედრო მუქარად მიჩნევა, არასერიოზულია, ფიქრობენ ოპოზიციაში. აცხადებენ, რომ განცხადება უნდა აღვიქვათ, როგორც მისი პერსონალური ხედვა და არა ქვეყნის პოზიცია, თუმცა მათი უმრავლესობა თანხმდება, რომ ასეთი მიდგომა არასწორია.