ყველამ უნდა იმუშაოს გამჭვირვალობაზე, თამაშის თანასწორ პირობებზე, რომ მოსახლეობის ხმა იყოს აღქმული - კელი დეგნანი

05 ოქტომბერი 2022, 13:41 565 ნახვა

30 წლის განმავლობაში აშშ ერთგული იყო და ეხმარებოდა საქართველოს, გაეძლიერებინა მისი უსაფრთხოება, მხარს უჭერდა მის სუვერენიტეტს, მხარს უჭერდა ქვეყანას ეკონომიკის განვითარებაში და უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და აშშ-ის საელჩო განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას მის ევროატლანტიკურ გზაზე.

„მე კომენტარს ვერ გავაკეთებ პოლიტიკურ განვითარებაზე საქართველოში. ვფიქრობ, ქართველი ხალხი კარგად ხედავს, რაც აქ ხდება. ჩვენ ვთქვით, რომ მთავრობისგან დამაბნეველი გზავნილი მოდის, რომ ჩვენ დაკავშირებული ვართ მათთან, ვინც, როგორც ჩანს, აპირებს, ძირი გამოუთხაროს აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობას და პრემიერ-მინისტრისა და სხვა პირებისგან განცხადებები, აშშ-სა და საქართველოს და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე. მირჩევნია, ფაქტებით, სიმართლით ვიხელმძღვანელო. გარშემო უამრავი დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიაა. ფაქტია, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ ერთგული იყო და ეხმარებოდა საქართველოს, გაეძლიერებინა მისი უსაფრთხოება, ეხმარებოდა საქართველოს და მხარს უჭერდა სუვერენიტეტს, აშშ მხარს უჭერდა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნაში.

 

კარგი ეკონომიკური ციფრები, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, გარკვეულწილად, ნაწილობრივ დაკავშირებულია იმასთან, რომ აშშ-მ, ევროკავშირმა და საქართველოს სხვა მეგობრებმა უზრუნველყვეს, დახმარებოდნენ საქართველოს კოვიდპანდემიის შედეგებთან გამკლავებაში. დახმარებოდნენ, რათა ყოფილიყო კარგ ეკონომიკურ მდგომარეობაში ამ უპრეცედენტო ვითარებაში და დამატებით, უკრაინაში რუსეთის ომის გავლენის ფონზე. 30 წლის განმავლობაში, აშშ ასევე ცდილობდა, საქართველოს განევითარებინა დემოკრატიული ინსტიტუტები, რათა ქართველ ხალხს ჰქონდეს დიდი რწმენა, რომ ეს ქვეყანა მიემართა მტკიცე, ჯანსაღი დემოკრატიისკენ. ქართველი ხალხი ამას ათწლეულების განმავლობაში მოითხოვს. აშშ ძალიან ამაყი და მოხარულია, დაეხმაროს საქართველოს ამ ყველა მიზანში – ძლიერი უსაფრთხოება, ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, ველოდებით ამ პარტნიორობის გაგრძელებას. დღეს მე შევხვდი სპიკერს და ეს არის კარგი შესაძლებლობა, განვაახლოთ პარტნიორობა და ვისაუბროთ გზებზე. USAID და აშშ-ის საელჩო განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას მის ევროატლანტიკურ გზაზე. ყველას გვსურს ამის ხილვა – საქართველო ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრირებული“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის თქმით, ყველამ უნდა იმუშაოს გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებაზე, თამაშის თანასწორ პირობებზე, რომ მოსახლეობის ხმა იყოს აღქმული.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ საკითხი ნებისმიერ ქვეყანაში არის, თუ როგორ უმკლავდება არასათანადო გავლენას ნებისმიერი ადამიანის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში, ნებისმიერ საკითხზე, რითაც არის მცდელობა, გავლენა მოახდინონ მთავრობის ფუნქციონირებაზე ან საზოგადოებაზე ფულის ან გავლენის საშუალებით. ეს არის ბევრი ქვეყნისთვის აქტუალური საკითხი, მათ შორის ჩემი ქვეყნისთვის. არის ბევრი გზა, რითაც ქვეყნები უმკლავდებიან არასათანადო გავლენას პოლიტიკურ სექტორში. ყველა ქვეყანას სჭირდება, რომ ამ საკითხზე საუბარი მიმდინარეობდეს და მივიდეს საკუთარ გამოსავლამდე.

მე პერსონალურად არ ვფიქრობ, რომ რაიმეს აღება თქვენი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე, კარგად იმუშავებს, მაგრამ არსებობს ბევრი კარგი მაგალითი, რომლის შესწავლა და რაღაცის აღება შეიძლება, რაც შესაბამისობაშია საქართველოსთან. საჭიროა პრობლემის ხაზგასასმელად მეტი დროის დახარჯვა, რომელიც ეხება არასათანადო გავლენას, რაც გავლენას ახდენს მოსახლეობის პოლიტიკურ ნებაზე. არჩევნებთან მიმართებაში ეს აისახება იმაზე, რასაც ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს. ყველამ უნდა იმუშაოს გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებაზე, თამაშის თანასწორ პირობებზე, რომ მოსახლეობის ხმა იყოს აღქმული“, – განაცხადა დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი