ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატმა ე.წ. პარლამენტს უკან დაუბრუნა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული "შეთანხმების" ე.წ. კონსტიტუციასთან შესაბამისობა უნდა შეემოწმებინა. აპარატმა დაადგინა, რომ დე ფაქტო პარლამენტის მოთხოვნა ფორმით არ შეესაბამება საკონსტიტუციო იურისდიქციის შესახებ აფხაზეთის ე.წ. კოდექსს.
ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტს“ 3 დღის განმავლობაში შეუძლია გაასაჩივროს საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყეტილება მასალების უკან დაბრუნების შესახებ და ხელახლა მიმართოს ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს მის მიერ მოთხოვნილი იურიდიული ხარვეზების გასწორების შემდეგ.
25 ივლისს აფხაზური საინფორმაციო გამოცემის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 80 პროცენტი რუსეთისთვის სანაპირო მიწების გადაცემას ეწინააღმდეგებოდა.