სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები არ იმყოფებიან. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მუდამ საუბრობს მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიასა და იმის შესახებ, თუ რატომ არის ის დისლოცირებული ურთიერთშეხების ხაზის გასწვრივ. მისივე თქმით, აზერბაიჯანი მუდმივად მანიპულირებს იმით, რომ მთიან ყარაბაღში სომეხი სამხედროები იმყოფებიან. ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება პირველი აგვისტოდან დაძაბულია.
სომხური მხარის ინფორმაციით, დაღუპულია ორი სომეხი ჯარისკაცი, აზერბაიჯანი კი ერთი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ იუწყება.
თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
ბოლო დღეებში მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.