საქართველო პირველ საერთაშორისო ტურისტს სავარაუდოდ ისრაელიდან მიიღებს - გიორგი გახარია

19 მაისი 2020, 14:48 1227 ნახვა

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო სავარაუდოდ უსაფრთხო კორიდორს გახსნის პირველ რიგში ისრაელთან. პრემიერის თქმით, ამ მხრივ ელჩებთან მუშაობა უკვე დაწყებულია. მისივე განმარტებით, რეგულარული ფრენების აღდგენის მხრივ კარგი დინამიკაა ავსტიასთან, პრიბალტიკის ქვეყნებთან და საბერძნეთთან.

"გუშინ მე მქონდა კონტაქტი სხვადასხვა ქვეყნების 60-70-მდე ელჩთან. ყველას ვესაუბრებით, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სტუმრების მიღებას. ბევრთან მოგვიწევს ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება როგორც სუფთა კორიდორების შესაქმნელად, ასევე მწვანე ზონების გამოსაცხადებლად. როგორც ჩანს პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, შემდგომ ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს ავსტრიასთან, პრიბალტიკის ქვეყნებთან, საბერძნეთთან, საბერძნეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ვირუსი კარგად მართა. თითოეულ ელჩს აქვს დავალებული, რომ ხვალიდან ყველას ექნება ხელში ინსტრუქციები, რომლებიც შექმნა ტურიზმის სააგენტომ და თითოეული ელჩი ხვალიდან დაიწყებს აქტიურ მუშაოასა იმისთვის, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელსაც შეუძლია სუფთად მართოს, მიიღოს სტუმრები და სწორი მენეჯმენტი გააკეთოს.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასაზღვრო წერტილები, როგორც სახმელეთო ასევე საჰაერო. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს დავალება უკვე მიღებული აქვს და პროტოკოლები შედგენილია. იქ არის საჭირო ადგილზე ტესტების ჩატარება და სხვა პროცედურები, რომლისთვისაც ქვეყანა დასახელებულ ვადაში მზად იქნება. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ასევე ტრანსპორტი. ტრანსპორტის უსაფრთხოება სტუმრების კოვიდისგან დასაცავად"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში