ქალბატონი სალომეს ზურაბიშვილის ყოველი შემდგომი ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ ის არის ნაწილი იმ რადიკალური ჯგუფისა ოპოზიციაში, რომელიც უცხოეთიდან კარნახით მოქმედებს სწორედ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
"უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, აქაც ჩვენ ვხედავთ რადიკალიზაციის მიმართულებას, მათ შორის, ნიკა გვარამიას შეწყალება ზუსტად ამ სფეროდან არის. ვხედავთ ჩვენ კიდეც, რომ ეს იქნა ისე წარმოჩენილი, თითქოს იყო დეპოლარიზაციის მიზნით გადადგმული ნაბიჯი, მათ შორის, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი გამოეხმაურა. როგორი დეპოლარიზაცია გამოიწვია მისმა შეწყალებამ, ამასაც ვხედავთ.
ქალბატონი სალომეს ყოველი შემდგომი ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ ის არის ნაწილი იმ რადიკალური ჯგუფისა ოპოზიციაში, რომელიც უცხოეთიდან კარნახით მოქმედებს სწორედ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. მისი ყველა ნაბიჯი არის დამატებითი დადასტურება, რომ მიჰყავთ ქვეყანა რადიკალური დღის წესრიგისკენ", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, 29 აპრილის აქცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, თუ სად დგას ქართული საზოგადოება, არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტი მისთვის მნიშვნელოვანი.
"სწორედ ამიტომ თუ 29 აპრილის შეკრებას გავითვალისწინებთ, ამ ჭრილშიც არის დასანახი, რომ საზოგადოებამ მათ შორის თავისი სიმრავლით კიდევ ერთხელ დაანახოს ყველას, რომ საზოგადოება არ დათმობს ქვეყნის სუვერენიტეტს, არ დათმობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, არ დათმობს იმ წინსვლას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და არ დააბრუნებინებს ქვეყანას იმ რეჟიმის პირობებში, რომელშიც ის იყო მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ყოველი შემდგომი გადაწყვეტილება ქალბატონი სალომესი არის მხოლოდ დასტური ამისა და საზოგადოებას მხოლოდ უმყარებს ამ აზრს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.