ლიეტუვა და მისი საელჩო არ ეთანხმებიან ძალადობას, გამოხატავენ ნდობას საქართველოს პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობებისადმი, უზრუნველყონ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებასთან ეფექტური დიალოგის უზრუნველყოფის აუცილებლობის გათვალისწინებით, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე განცხადებით, ლიეტუვა იმედოვნებს, რომ საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობათა ისტორიულ ფანჯარას ევროკავშირის გაფართოების განახლებული ძალებით გააქტიურებული პროცესისთვის, განახორციელებს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას.
„ლიეტუვა დიდი ხნის განმავლობაში არის და კვლავაც რჩება ერთგული, ხელი შეუწყოს საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის არსებულ ხანგრძლივი მეგობრობისა და განსაკუთრებული ურთიერთობების უნიკალურ ხასიათს. ასევე, ლიეტუვა ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ლიეტუვამ და ლიეტუველმა ხალხმა პირველებმა გაუწოდეს საქართველოს მხარდაჭერის ხელი 2008 წლის აგვისტოში. ურყევი სოლიდარობის ნიშნად, პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი ჩამოვიდა თბილისში იმ დროს, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ შემოსულნი და წინ მიიწევდნენ.
ამჟამად, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, იმ პირობით, რომ ევროკომისიის მიერ დადგენილი 9 ნაბიჯი გადაიდგმება, საქართველო უფრო ახლოს არის, ვიდრე ოდესმე გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებასთან. ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილებას ლიეტუვამ მთელი გულით დაუჭირა მხარი.
სხვა ნაბიჯებთან ერთად, საქართველოს მოუწოდეს ებრძოლოს დეზინფორმაციას, უცხოეთიდან ინფორმაციის მანიპულირებას და ჩარევებს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ, ისევე როგორც უზრუნველყოს, რომ მისმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს თავისუფლად ფუნქციონირება. აღნიშნულთან მიმართებით, ამჟამად წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან. მოვლენების ასეთი განვითარება მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს როგორც ლიეტუვაში, ასევე ევროკავშირში.
ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს; შესაბამისად, ლიეტუვის საელჩოს არ შეუძლია კომენტარი გააკეთოს მსგავს განცხადებებზე.
ლიეტუვა და მისი საელჩო არანაირად არ ეთანხმებიან ძალადობას და გამოხატავენ ნდობას საქართველოს პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობებისადმი უზრუნველყონ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებასთან ეფექტური დიალოგის უზრუნველყოფის აუცილებლობის გათვალისწინებით.
ლიეტუვა გულწრფელად იმედოვნებს, რომ საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობათა ისტორიულ ფანჯარას ევროკავშირის გაფართოების განახლებული ძალებით გააქტიურებული პროცესისთვის, განახორციელებს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას და შეძლებს სწრაფად დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.