"საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანა, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ეროვნული ბანკისა და ფინანსური სისტემის მიმართ თითქოსდა ფულის გათეთრებასა და სანქციების რეჟიმისთვის თავის შესაძლო არიდების გაზრდილ რისკებთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ სპეკულაციებს, რომელიც "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანას უკავშირდება.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანა, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტების, საუკეთესო პრაქტიკისა და ეროვნული ბანკის მითითებების შესაბამისად, საქართველოს საბანკო სისტემის მხრიდან მსგავსი ტიპის ტრანზაქციები დღესაც მკაცრ შემოწმებას გადის და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ამდენად, აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს პროცესების ცვლილებას საფინანსო სისტემაში, სახსრების წარმომავლობისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება იმავე მაღალი სტანდარტებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.
აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ქართულ კომერციულ ბანკებს დანერგილი აქვთ ანგარიშგების, გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები. საფინანსო სისტემაში მოქმედებს შიდა სისტემები და კონტროლის ისეთი მექანიზმები, რაც მინიმუმამდე ამცირებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სანქციებისთვის თავის არიდების რისკებს. სწორედ ამიტომ არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, დღემდე არ დაფიქსირებულა სანქცირებული პირის მიერ ტრანზაქციის შესრულების არცერთი შემთხვევა.
აღსანიშნავია, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შეფასების საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval) დაამტკიცა საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში. მასში ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესი და პრაქტიკა შეფასებულია, როგორც ეფექტური შედეგების მქონე.
საქართველოს ეროვნული ბანკი, კანონმდებლობით გათვალისწინებული მანდატის ფარგლებში, როგორც ფულის გათეთრების აღმკვეთ კანონმდებლობასთან, ასევე სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის კუთხით, კომერციული ბანკების ადგილზე ინსპექტირებისას, მუდმივად სწავლობს სხვადასხვა იურისდიქციასთან დაკავშირებულ საბანკო ტრანზაქციებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულია SWIFT-შეტყობინებების (ჩარიცხვა/გადარიცხვების) სკრინინგის მექანიზმების და იმპორტ-ექსპორტსა და რეექსპორტთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესწავლის გაიდლაინები, რომელთა შესაბამისადაც ოპერირებენ კომერციული ბანკები. ამასთან, საერთაშორისო გადარიცხვები ევროპისა და ამერიკის უმსხვილესი საკორესპონდენტო ბანკების მეშვეობით ხორციელდება, რაც ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები სტანდარტების სრული დაცვით, გამჭვირვალედ და არსებული რეგულაციების შესაბამისად ოპერირებენ.
თავის მხრივ, კომერციული ბანკების ადგილზე ინსპექტირების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის მიზნით, სათანადოდ ხდება კლიენტების და მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესწავლა და პრევენციული ზომების გატარება.
საქართველოს ეროვნული ბანკი ისევე, როგორც მთლიანად საბანკო სექტორი მომავალშიც პროაქტიულად განაგრძობს ყველა საჭირო ზომის დაცვას, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებისთვის აუცილებელი პირობაა.
აქვე მოვუწოდებთ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ ზემოხსენებული შინაარსის სპეკულაციებისგან, რომელიც ზიანს აყენებს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - საბანკო-საფინანსო სისტემის რეპუტაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.