აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებმა გამოყონ ორგანიზატორები, რომლებიც მოლაპარაკებას შეძლებენ - სახალხო დამცველი

08 ივლისი 2019, 19:00 718 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს მოუწოდებს, გამოყონ ორგანიზატორი პირები, რომელთა შორის კონსტრუქციული მოლაპარაკება, აქციების შეუფერხებელ და მშვიდ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს. 

ომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს მოქალაქეთა პრიტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვას ხელი შეუწყოს. 

''საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ადევნებს თვალს მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ჯგუფები პარლამენტის შენობის წინ დღეს დილიდან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაანონსებული ღირსების მარში გაუქმდა. შეკრებილი პირები ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას და „თბილისი პრაიდის“ აკრძალვას ითხოვენ. გარდა ამისა, მანიფესტანტები აცხადებენ, რომ სამოქალაქო აქტივისტებს არ მისცემენ ანტისაოკუპაციო აქციების გაგრძელების შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, უკვე 2 კვირაზე მეტია მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია - “სირცხვილია“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული აქცია დღეს, 19:00 საათზე უნდა განახლდეს. აქციის შეუფერხებლად მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად, ადგილზე განლაგებულია შესაბამისი აპარატურა და ბანერები.

სახალხო დამცველი აქციის მონაწილეებს შეახსენებს, რომ დაუშვებელია აქციის მიმდინარეობისას ძალადობრივი ან/და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება, აგრეთვე სხვა შეკრების მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა. აღნიშნული წესების დარღვევისთვის შეკრების მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას აქციის ორგანიზატორის პასუხისმგებლობას, მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას, რათა თავიდან აირიდოს და აღმოფხვრას მანიფესტანტების მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევები'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში