90 დღეში ავარიით 116 დაიღუპა, 1779 კი დაშავდა - სამინისტრო მონაცემებს აქვეყნებს

19 ივნისი 2019, 16:31 6711 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, საქართველოს გზებზე, მხოლოდ  სამ თვეში  ავარიით 116 ადამიანი დაიღუპა, 1779 კი დაშავდა.

მიმდინარე წლის იანვრიდან, მარტის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით სულ 9 671 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან  1302-ზე გამოძიება სსკ 276 მუხლით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით  ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

სამინისტროს ანალიტიკოსების დაკვირვებით, ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე დიდი წილი, მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევაზე მოდის.

ამ მიზეზით, მხოლოდ სამ თვეში 75 საგზაო შემთხვევა მოხდა. სიჩქარის გადაჭარბება - 58 შემთხვევაში დაფიქსირდა,  54 ფაქტი დისტანციის დაუცველობის გამო, ხოლო სიმთრალის მიზეზით ავარია  50-  ჯერ მოხდა.

გარდაცვალება ყველაზე ხშირად სიჩქარის გადაჭარბებისას ფიქსირდება, ამ მიზეზით  58 შემთხვევიდან 13 მსხვერპლით დასრულდა. შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევით მომხდარი 75 შემთხვევიდან  კი,  მსხვერპლი  ათს მოჰყვა.

ავტოსაგზაო შემთხვევები ყველაზე მეტად   მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.  მას კი სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებები მოსდევს.

სტატისტიკური მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების მხრივ,  თბილისისა და იმერეთის შემდეგ,   სწორედ აჭარა  ლიდერობს.  სამი თვის განმავლობაში,  მხოლოდ აჭარაში  675  შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგანაც 6 მსხვერპლით დასრულდა, 116 ადამიანი კი  დაშავდა.  რეგიონში მრავლადაა ე.წ  „შავი წერტილები“, სადაც ავარიები  ყველაზე ხშრად ხდება.  

პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და შემთხვევების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით კამპანია -  „მეტი სიცოცხლისთვის“ დაიწყო და ქუჩებში ამობრუნებული ავტომობილები დაამონტაჟეს.. 2019 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში,  სამინისტრომ საგზაო უსაფრთოხების კუთხით, საკანონმდებლო ცვლილებებს და რიგ დარღვევებზე  სანქციების გამკაცრებას გეგმავს.

ბოლო 10 წელიწადში, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, საქართველოში 6 608 ადამიანი დაიღუპა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

ფოტოები: არქივიდან

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი