გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრები აჭარის ჯანდაცვის მინისტრს დღეს შეხვდებიან

15 აპრილი 2019, 00:00 1360 ნახვა

გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრები, რომლებიც მედიკოსებს არაკვალიფიციურ მკურნალობაში ადანაშაულებენ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრს 12 საათზე შეხვდებიან.

მხარეებმა ეს გადაწყვეტილება გუშინ აქციის შემდეგ შემდეგ მიიღეს. 8 გარდაცვლილი მოქალაქის ახლობლები, 14 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ რვავე პაციენტის ისტორიას, არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება აერთიანებს. 

ითხოვენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად შეისწავლოს და დამნაშავეები დაისაჯონ.   

გუშინ, მშვიდობიანი აქცია მსვლელობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის მონაწილეებმა ადგილზე მინისტრის მისვლა მოითხოვეს, მაგრამ სამინისტროსგან პასუხი ვერ მიიღეს. სწორედ ამის შემდეგ, მოქალაქეებმა გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ადგილზე აჭარის პოლიციის უფროსიც იმყოფებოდა, აქციის მონაწილეებმა გზა ზაალ მიქელაძის მისვლის შემდეგ გაათავისუფლეს. თუმცა, საბოლოოდ, მათივე თქმით, მინისტრისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, არაკვალიფიციური მომსახურებით გარდაცვლილი 8 პაციენტიდან, 3 დაღუპულის საქმეს სამედიცინო რეგულირების სააგენტო იცნობს.

თემურ გაბაიძისა და ზუკა ფაღავას საქმის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ იყო სამედიცინო გადაცდომები. გაბაიძის საქმეზე ანესთეზიოლოგს ლიცენზია შეუჩერდა, ზუკა ფაღავას საქმეზე კი, მკურნალი ექიმი სფეროს, მხოლოდ ერთი თვით ჩამოაშორეს. 

რაც შეეხება მესამე საქმეს, მელანო ფუტკარაძის შემთხვევის შესწავლა, ახლა მიმდინარეობს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში