ახალი მეჩეთის საქმეზე დავა გაგრძელდება - მოსამართლემ მერიის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

10 აპრილი 2019, 00:00 2807 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მეჩეთის მშენებელობის შესახებ პროცესის გადადების შუამდგომლობა, რომელიც ბათუმი სმერიამ დააყენა, არ დააკმაყოფილა. 

''მოსამართლესა და მოსარჩელე მხარეს თხოვნით მივმართავთ, გადაიდოს დღევანდელი სხდომა. გადაიდოს იმ მიზნით, რომ აქტიური მოლაპარაკება დაიწყოს'' - თქვა პროცესზე მერიის იურისტმა. 

ვახტანგ გედენიძის თქმით, საკითხის დიალოგის გზით მოგვარების რესურსი კვლავ არის, პროცესში ჩართულია ყველა მხარე და დიალოგი გრძელდება

''ვახმოვანებ მერიის პოზიციას, არსებობს რესურსი დავის მორიგების გზით გადაწყვეტის. ჩვენ თვითმიზანია არ არის დავა სასამართლო გზით გადაწყდეს, ჩვენი თვითმიზანი არის რაც შეიძლება მალე მოხდეს მხარეთა შორის მოლაპარაკება, პოზიციების შეჯერება. მზად ვართ გავიზიაროთ არა მარტო მოსარჩელე მხარის ინტერესი არამედ სრულიად საზოგადოების და მუსლიმი თემის ინტერესი. ამ ყველაფრის გაანალიზების და დაბალანსების შედეგად მიღებული უნდა იქნას ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება სახელმწიფო ინტერესებთან და საზოგადოების ინტერესებთანაც'' - განაცხადა მერიის იურისტმა. 

მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მერია პროცესების გაჭიანურებას არ აპირებს.

''თემა არის ძალიან სენსიტიური, გაკეთდა მოსარჩელე მხარის და სამუფთოს განმარტებაც, თუ სამივე პოზიციას გავაანალიზებთ მივხვდებით და დავინახავთ, რომ რაღაც საერთო შეხების წერტილები არის. ეს შეხების წერტილები გულისხმობს იმას, რომ არსებობს რესურსი საკითხი მოლაპარაკების გზით გადაწყდეს. ჩვენ ადრეც ვითხოვეთ სასამართლო პროცესის მორიგების მიზნით გადადება. მოხდა შეხვედრა, ამ შეხვედრაზე გადაიდგა ნაბიჯები. ყოველდღიურ რეჟიმში მიდის საკითხი იქეთკენ, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება შედგეს და საკითხი სასამართლოს გარეშე გადაწყდეს. გარედან შესაძლოა ფონი იქმნებოდეს ისეთი, რომ არანაირი შედეგი ამ მოლაპარაკებას არ ჰქონია და მერია ცდილობს პროცესის გაჭიანურებას, ეს თვითმიზანი ვერ იქნება'' - განაცხადა ვახტანგ გედენიძემ.

''მოპასუხე მხარის შუამდგომლობას, ამ ეტაპზე სასამართლო არ დააკმაყოფილებს, საქმის არსებითად განხილვას განაგრძობს'' - თქვა მოსამართლემ პროცესზე. 

2017 წლის 5 მაისს, ბათუმის მერიამ მუსლიმი თემის თვითორგანიზებულ ჯგუფს, მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნაბართვის გაცემაზე უარი უთხრა. ''ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი'' მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და დისკრიმინაციულობაზე სასამართლოში დავობს.

მათ ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი იცავს. 

სხდომის გადადება ბათუმის მერიამ 2018 წლის 20 თებერვალს, ერთხელ უკვე მოითხოვა. ერთთვიან ვადაში, მხარეებს შორის მოლაპარაკება მაშინ ვერ შედგა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში