ბათუმში 40 000 მუსლიმი ცხოვრობს, რომელთა ინტერესებს მერია ვერ პასუხობს - EMC მეჩეთის მშენებლობაზე​

09 აპრილი 2019, 00:00 3929 ნახვა

ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 10 აპრილს, 10 საათზეა ჩანიშნული. მუსლიმი თემის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი იცავენ.

ბათუმის მერიამ, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადა. დავის არსს, სწორედ ამ გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა და რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა წარმოადგენს. 

EMC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ბათუმში მხოლოდ ერთი, „ორთა ჯამეს“ ისტორიული მეჩეთი მდებარეობს, რომლის სივრცეც მლოცველებს ვერ იტევს, ხშირ შემთხვევაში კი რამდენიმე ასეულ ადამიანს ქუჩაში, არასათანადო პირობებში უწევს ლოცვა.

მათივე შეფასებით, მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ფორმალური შინაარსს ატარებს და  მოსახლეობის ინტერესს არ პასუხობს.

''2012 წლიდან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით შეიქმნა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ შესაძლებელი იქნებოდა ბათუმში ახალი მეჩეთის აშენება. 2017 წელს „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“  მერია მიმართა ფონდის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა რამდენიმე თვიანი განხილვების შედეგად ბათუმის მერიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე, იმ საფუძვლით, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთი არის საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6), რომელიც წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას. შესაბამისად, ბათუმის მერია მიიჩნევს, რომ მყარად ჩამოყალიბებული განაშენიანება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის კუთხით არ უნდა შეიცვალოს და მისი სამომავლო განვითარება უნდა გაგრძელდეს საცხოვრებელი სახლების მეშვეობით'' - აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები წერენ, რომ 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით ბათუმში დაახლოებით 40 000 მუსლიმი ცხოვრობს, მერიისათვის კი ცნობილია, იმ პრობლემების შესახებ, რომელიც მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის ხელშეშლას უკავშირდება.

ხვალ სასამართლო პროცესის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქციაც არის დაგეგმილი. 

ამავე კატეგორიაში