კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს 10 441 ლარის უკანონოდ დაუფლებას ედავებიან - სუსი

08 აპრილი 2019, 00:00 709 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. სამართალდამცველები მას სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას ედავებიან. საუბარია 10 441 ლარზე.

სუს-ის ინფორმაციით, ბრალდებულმა თურქეთში სპორტსმენების მგზავრობისთვის გამოყოფილი თანხა მიითვისა.

ჩემპიონატზე 4 სპორტსმენი წავიდა, ყალბი დოკუმენტაციაში კი ეწერა, რომ თურქეთში 10 დელეგატი გაემგზავრა. 

''გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 18-22 აპრილს საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ სტამბოლში შოტოკანის მე-9 ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სათანადო დაფინანსება გამოიყო. მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 4 სპორტსმენმა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბ-მ, 2018 წლის 27 აპრილს და 28 მაისს, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ ჩემპიონატზე თითქოსდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 დელეგატი იყო მივლინებული'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამავე კატეგორიაში