ქოლცენტრების საქმე და კიდევ რამდენიმე დაკავებული. პროკურატურამ ტრანსნაციონალური, თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას.
ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის კი ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებ-გვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებას სთავაზობდნენ.
შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს მოტყუებით ეუფლებოდნენ და ათეთრებდნენ.