სსიპ „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ განცხადება

13 მარტი 2019, 00:00 1775 ნახვა

2019 წლის 1 მარტს გაიმართა  სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში შექმნილი საჩივრების განმხილველი კომისიის სხდომა, რომელმაც განიხილა „სილქ როუდ საფინანსო ჯგუფის“  საჯარო  განცხადება გადაცემაში  „მთავარი აჭარაში“  გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით.  მართალია,  კომპანიას საჩივარი არ წარმოუდგენია საჩივრების განმხილველ კომისიაში, თუმცა მაუწყებელმა თავისი ინიციატივით გადაწყვიტა საკითხის შესწავლა.

საჩივრების განმხილველი კომისია შედგებოდა 3 წევრისგან:  თამარ მამეიშვილი (თავმჯდომარე), მედეა ჩარკვიანი  და თამაზ ბაკურიძე. მოპასუხე მხარე იყო ჟურნალისტი ხათუნა შუშანიძე

2019 წლის 12 იანვარს მის მიერ მომზადებული სიუჟეტის პასუხად ,,სილქ როუდ საფინანსო ჯგუფმა“ სხვადასხვა მედია საშუალებებში გაავრცელა განცხადება, რომლითაც უარყოფდა სიუჟეტში მოყვანილ ფაქტებს, ასახელებდა საწინააღმდეგო არგუმენტებს და მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უწოდებდა ცილისმწამებლურს.

კომისიამ მიიჩნია, რომ ჟურნალისტს ორ სადაო ეპიზოდში სიზუსტის პრინციპი არ დაურღვევია და მით უმეტეს, განზრახ არ შეუყვანია აუდიტორია შეცდომაში, ერთ ეპიზოდში კი, კომისიის აზრით, „სილქ როუდ ჯგუფის“  განცხადებასა  და  სიუჟეტში მოყვანილ ფაქტებს შორის  განსხვავება არ არის.

თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში შექმნილი კომისიის აზრით, ჟურნალისტმა ხათუნა შუშანიძემ, განაშენიანების შესახებ სიუჟეტის მომზადებისას, მხოლოდ ერთ ნაწილში დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის  მე–14 მუხლის („სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ ზუსტი ინფორმაციის უზრუნველყოფის შესახებ“) მე–4 და მე–5 პუნქტები,  როდესაც რესპოდენტის (კახა გუჩმანიძის) მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ გადაამოწმა სხვა წყაროებთან და ამის მიუხედავად, ეს ინფორმაცია მაინც გამოიყენა სიუჟეტში.

თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში  შექმნილი  საჩივრების განმხილველი კომისიის 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება #5

ამავე კატეგორიაში