ახალი ტენდეცია - კორპუსების მშენებლობები ბათუმის საუკეთესო პლაჟებზე

07 სექტემბერი 2018, 00:00 6930 ნახვა

ბათუმში არსებული ქაოსური მშენებლობების შემდეგ, ქალაქის შემოსასვლელთან, ზღვისპირა ზოლშიც ჩნდება ახალი ნაგებობები. ასეთი მაგალითები ბევრია - კვარიათი, გონიო,ახალი ბულვარის მიმართულებით და ახლა კი ბარცხანის დასახლებაშიც შეინიშნება.

ზღვისპირა ქალაქის გაშენება 19 საუკუნის ბოლოს დაიწყო, არქიტექტურა დაბალი შენობებით გამოირჩეოდა. ბათუმის სივრცითი მოწყობა, წლებთან ერთად, რადიკალურად ცილდებოდა ევროპული ქალაქის დაგეგმარებას და დღეს, ძველი ბათუმის ურბანული ქსოვილი მაღალმა და ქაოტურად აგებულმა კორპუსებმა შეცვალა.

სართულებთან ერთად ქალაქის მასშტაბებიც გაიზარდა. მშენებლობები ბათუმის შემოსასვლელში, სანაპირო ზოლში გაჩნდა. ტერიტორიაზე, რომელიც არქიტექტორ რეზო გოგიტიძის თქმით ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონაა.

''ქალაქის შემოსასვლელში, ახლად აშენებული შენობები მიუღებელია, ულამაზოა და უნიათოა. როგორც სივრცითი ასევე არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით, ასევე ქალაქ დაგეგმარების კუთხით, ამას მიხვედრას დიდი პროფესიონალიზმი არ უნდა. ყველას თვალს გვხვდება და ყველა გაოცებულია, ნაპირს მოუყვები და უცებ შენობები სივრცეს გიკეტავს" - ამბობს მაუწყებელთან არქიტექტორი რეზო გოგიტიძე.

საზოგადოება "ბათომის" წევრი ნათია აფახაზავა კი შიშობს, რომ ჩაკეტილი სივრცის მიღმა, ბათუმის ხედის დაკარგვის დიდი საფრთხეა: ​''როგორც ქალაქის შემოსასვლთან, ასევე გასასვლელთან იკარგება ზღვის და სანაპირო ზოლის აღქმა.  ეს ხედი ბათუმისთვის დამახასიათებელია და  მისი შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი იყო. ამაზე საუბრობენ ის ურბანისტები, რომლებიც წლებია ქალაქის განვითარებაზე  მუშაობენ. მათი რეკომენდაციაა, როგორმე შევინარჩუნოთ ზღვის და სანაპიროს აღქმადობა'' - აცხადებს აფხაზავა. 

ბათუმის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი პრობლემას სანაპიროზე განლაგებული მშენებლობებში ვერ ხედავს, ამავდროულად ამბობს, რომ წარმოდგენილი პროექტები, რეალურად აშენებული სახლებისგან განსხვავდება და თან ცუდი მასალითაა ნაშენი.

''რაც შეეხება სანაპიროს იერსახეს, რთულია საუბარი დღევანდელი გადასახედიდან, რადგანაც წარმოდგენილი პროექტები თავის დროზე აკმაყოფილებდნენ იერსახეს, თუმცა მშენებლობის პროცესში და ერთი-ორი წლის გასვლის შემდეგ, ალბათ, სამშენებლო მასალების შედარებით დაბალი ხარისხიდან გამომდინარე, შენობები იცვლიან იერსახეს"- ამბობს მირიან მერტეველი.

მერია სანაპირო ზოლში თავის გადაწყვეტილებებს ძველი ზონირების რუკით ხსნის. ბათუმის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველი ამბობს, რომ მოქმედი დოკუმენტით გარკვეულ ზონაში დაბალი შენობების აგება დაშვებულია. რაც შეეხება მრავალსართულიან კორპუსებს, მისი თქმით სანაპირო ზოლში ნებართვების გაცემა ამ დროისთვის შეჩერებულია.  

 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში