ბათუმის ახალი ზოოპარკისთვის ტერიტორია ბოტანიკურ ბაღთან შეარჩიეს

05 აპრილი 2018, 00:00 2656 ნახვა

შესაძლოა, ბათუმის ზოოკუთხე, რომელიც ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარეობს, ჩაქვში გადაიტანონ. იდეა ბათუმის მერს ეკუთვნის და უახლოეს სხდომაზე პროექტს საკრებულოს წარუდგენს. ამის შესახებ, ლაშა კომახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. 

"ბათუმის საკუთრებაში არსებული ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს ზოოკუთხე, რომელსაც უჭირავს 16000,00 კვ.მ.-მდე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 2070 კვ.მ. 18 შენობა-ნაგებობით.​ზოოკუთხე საჭიროებს შემდგომ განვითარებასა და გაფართოებას, რისი პერსპექტივაც ადგილმდებარეობის გათვალისწინებით მას არ გააჩნია - ერთი მხრიდან ესაზღვრება კორპუსები და კერძო სახლები, მეორე მხრიდან კი  ტბა. შესაბამისად, დგება ბათუმის ზოოკუთხის სხვა ტერიტორიაზე გადატანის, ახალი ზოოპარკის მშენებლობის, შესაბამისი საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების საკითხი.

ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის შეირჩა ჩაქვის მხრიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღის მომიჯნავე ტერიტორია, რომლიც 173338 კვ.მეტრს შეადგენს. 
''ტერიტორია იძლევა საშუალებას ზოოპარკი გაფართოვდეს, შეემატოს ბინადარები და მათი ყოფითი პირობები გაუმჯობესდეს. ბოტანიკური ბაღის მომიჯნავე ტერიტორია ჩართული იქნება ბაღის დამთვალიერებელთა მარშრუტში ერთიანი სერვისში" - წერს ბათუმის მერი.

ლაშა კომახიძის ინფორმაციით, ზოოპარკის დასაპროექტებლად უცხოელი სპეციალისტების ჩართვა იგეგმება, რომლის ფინანსებს ფონდი „ქართუ“ დაფარავს. ფონდი ასევე მზადაა  მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ტერიტორიის მომზადებისას დაიწყოს ახალი ზოოპარკის სამშენებლო სამუშაოები" - წერს კომახიძე. 

ბათუმის მერი თვლის, რომ უნდა განისაზღვროს ბათუმში ახალი ზოოპარკის მშენებლობის ტერიტორია და დროულად გატარდეს ზოოპარკის მშენებლობისათვის ტერიტორიის მომზადებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

ამავე კატეგორიაში