სამშენებლო ხმაურით გამოწვეული დისკომფორტი

27 ივნისი 2017, 00:00 4469 ნახვა

ზღვისპირა ქალაქში, მაშინ, როცა ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის, უცხოელი და ქართველი ტურისტები ერთ პრობლემაზე აქტიურად საუბრობენ. ეს სამშენებლო ხმაურია.  დამსვენებლები ამბობენ, რომ განსაკუთრებულ დისკომფორტს ღამის საათებში მიმდინარე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები უქმნით. ბოგდან კაზაკოვი  ჰყვება, რომ ხმაური სისტემატურად აწუხებს. მისივე თქმით, მშენებარე და დასრულებული კორპუსები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს, რაც პრობლემას ართულებს.

ქალაქის მერი ამბობს, რომ სამშენებლო პროცესი ვერ შეჩერდება, თუმცა, თვითმმართველობა, საკითხის გადასაჭრელად, ოპტიმალურ გამოსავალს ეძებს. გიორგი ერმაკოვის განმარტებით, პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, კომპანიებს მიუთითებენ, რომ მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში ხმაურიანი პროცედურები დღის საათებში განახორციელონ.

ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტება მალე დასჯადი გახდება. კანონპროექტი მზად არის, ის დეპუტატებმა ორი მოსმენით უკვე განიხილეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტის ერთ-ერთი ავტორი ლევან გოგიჩაიშვლი  განმარტავს, რომ პროცესს საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს. 
   „სახელმწიფოს შემოაქვს სანქციები, შენი საქმის კეთებით სხვისი ჯანმრთელობის უფლება არ უნდა დაარღვიო, გასართობ ობიექტებში  სიამოვნების მიღებით კი სხვა ადამიანი არ უნდა შეაწუხო. იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ამის კეთება არა მხოლოდ კეთილი ნებით, არამედ, ჯარიმის იძულებით მოუწევთ“, - ამბობს გოგიჩაიშვილი. 

 კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, მთავრობა ვალდებული იქნება, ტექნიკური რეგლამენტი შეიმუშაოს, ასევე, დღისა და ღამის საათებში ის ნორმა განსაზღვროს, რის გადაჭარბების შემთხევაში დამრღვევები დაჯარიმდებიან. 
   ხმაურის სიმძლავრე მალე დეციბელებში გაიზომება. პირველ ჯერზე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გააფრთხილებენ, შემდეგ კი საჯარიმო სანქციები ამოქმედდება. თანხა 150-დან 500 ლარამდე მერყეობს. განმეორების შემთხვევაში კი, ორმაგდება. 
  რაც შეეხება სამშენებლო ხმაურს, კანონპროექტში წერია, რომ   8-დან 22  საათამდე სამშენებლო ხმაურისათვის არავინ დაისჯება. კომპანიებს კი, სამუშაოების საწარმოებლად, 15-საათიანი პერიოდი ექნებათ.

 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში