ბათუმის საქალაქო სასამართლომ გალიფ ოზთურქი 500 ლარით დააჯარიმა

06 ივლისი 2022, 11:48 13940 ნახვა

გალიფ ოზთურქი 500 ლარით დაჯარიმდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო.

სასამართლომ ადმინისტრაციულ სარჩელი დღეს განიხილა, რაც ​გალიფ ოზთურქის მიერ მარიხუანას შეძენა-შენახვას-გადაზიდვას ან გადაგზავნას ეხებოდა.

ადვოკატმა თენგიზ კახიძემ სასამართლო პროცესზე, ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა და შუამდგომლობით მოსამართლეს მიმართა. უფლებადამცველის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნით დამტკიცდა, რომ დაცვის ქვეშ მყოფი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი არ იყო.

თურქი ბიზნესმენი პროცესს დისტანციურად დაესწრო. გადაწყვეტილებას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

გალიფ ოზთურქი  ''მეტრო ჰოლდინგის'' შენობაში, ერთი თვის წინ დააკავეს. 

31 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 31 მაისს, ბათუმში, გ.ო.-ს საცხოვრებელ ბინაში  ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159  გრ.  ნარკოტიკული საშუალება კოკაინი. 

სამართალდამცველებმა გ.ო. იმავე დღეს  დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარედგინა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი