რადიკალურ ოპოზიციას უხარია საქართველოს წარუმატებლობა და სწყინს მისი წარმატება - კობახიძე

24 ივნისი 2022, 17:46 710 ნახვა

რადიკალურ ოპოზიციას უხარია საქართველოს წარუმატებლობა და სწყინს მისი წარმატება - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. 

ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს ფეიკზე დაფუძნებულ კამპანიას იმის შესახებ, რომ, თითქოს, კანდიდატის სტატუსის ამ ეტაპზე არმიღების პირობებში, საქართველომ ფინანსური და სხვა მატერიალური პრივილეგიები დაკარგა.

„ადამიანები, რომლებიც 2008 წელს წაგებულ ომს ზეიმობდნენ, დღეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას გლოვობენ. ამას აქვს თავისი კანონზომიერება: რადიკალურ ოპოზიციას უხარია საქართველოს წარუმატებლობა და სწყინს მისი წარმატება, რაც არა მხოლოდ მოვლენებზე მისი რეაქციებით, არამედ ყოველდღიური ქმედებებითაც არის გამოხატული.

აღნიშნული კამპანია მთლიანად სიცრუეს ეფუძნება. კერძოდ, როგორც კანდიდატი, ისე პოტენციური კანდიდატი და ასოცირებული ქვეყნები ევროკავშირიდან მატერიალურ-ფინანსურ დახმარებას იდენტური პრინციპითა და მოცულობით იღებენ. მაგალითად, 2014-2020 წლებში 5 კანდიდატი ქვეყნის წლიურმა დაფინანსებამ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 34 ევრო შეადგინა, ხოლო იმავე წლებში საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ ერთ სულ მოსახლეზე გაცემული დაფინანსება 39 ევრო იყო. მომდევნო წლებისთვის საქართველოსთვის გათვალისწინებული დაფინანსებაც კანდიდატებისთვის განკუთვნილი დაფინანსების იდენტურია.

მოვუწოდებთ ყველას, ნუ შექმნიან ყალბ მოლოდინებს და სიცრუეზე დაფუძნებული კამპანიით, საზოგადოებაში ნეგატიური ემოციური ფონის ხელოვნურად შექმნას ნუ ეცდებიან. დასასრულს, კიდევ ერთხელ გადავუხდით მადლობას ევროკავშირს ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებისთვის. „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს საქართველოს შემდგომ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი