დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ცნობებით, 17 ივნისის, უკრაინამ, რუსეთის საზღვაო ძალების წინააღმდეგ, წარმატებით გამოიყენა დასავლეთის მიერ გადაცემული „ჰარპუნის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები.
როგორც დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 21 ივნისს, ტვიტერზე გამოქვეყნებულ სადაზვერვო ანგარიშში მიუთითებს, სამიზნე, თითქმის დანამდვილებით, იყო რუსული სამხედრო-საზღვაო ბუქსირი, „ვასილი ბეხი“, რომელსაც გადაჰქონდა შეიარაღება და გადაჰყავდა პირადი შემადგენლობა ზმეინის კუნძულზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
უწყების შეფასებით, გადამზიდი ხომალდის განადგურება კიდევ უფრო მეტ ლოგისტიკურ პრობლემას შეუქმნის რუსეთს, რომელიც ცდილობს მოამარაგოს და გააძლიეროს ზმეინის კუნძულის ოკუპაციაში ჩართული თავისი ძალები.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს.