რას გადაწყვეტს ევროპა? – ამის გარკვევამდე რამდენიმე დღე რჩება, ევროკომისია პირველად დასკვნას ხვალ გამოაქვეყნებს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ქმედებებიდან გამომდინარე დიდი საფრთხეა, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ასცდეს და უკრაინას და მოლდოვას დაშორდეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ბათუმში ბრიფინგი გამართა. გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ახლა ყველა პლატფორმა უნდა გამოიყენოს საქართველომ, რომ ევროპამ ერთ კვირაში დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს.
ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ ანტიდასავლურ რიტორიკაში.
„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ახლა ჯერი ევროკავშირზეა, რადგან საქართველომ ევროინტეგრაციისთვის ყველაფერი გააკეთა.
ქართველმა პოლიტიკოსებმა დღეს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება შეაფასეს საქართველოსთან დაკავშირებით.
მაკრონის განცხადებით, ევროკავშირს არ შეუძლია მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს, ამიტომ სურს, მათ სტატუსზე პოზიტიური სიგნალი გაუგზავნოს - მოლაპარაკებების მაგიდაზეა ასევე საქართველო, რომელიც მაკრონის თქმით, გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა.