ბუჩასთან ახალი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, ადამიანების უმეტესობას ხელები შეკრული და მუხლები დაცხრილული აქვს.
"შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე რუსებმა აწამეს, შემდეგ კი ლაჩრულად მოკლეს. ეს საფლავი აღმოაჩინეს იმ მხარეში, სადაც რუსული ჯარები იყვნენ განლაგებული, სოფელ მიროცკესთან"- აცხადებს კიევის რეგიონული პოლიციის უფროსი ანდრი ნებიტოვი.
ნებიტოვის ინფორმაციით, პოლიცია მუშაობს დაღუპულების იდენტიფიცირებაზე.
სევეროდონეცკში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. რუსული ძალები შეტევით ოპერაციას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ახორციელებენ, თუმცა უკრაინული მხარის ინფორმაციით, ამ დროისთვის მნიშვნელოვანი წარმატების გარეშე - განადგურებულია სევერდონეცკისკენ მიმავალი ყველა ხიდი.
ოკუპანტები ასევე უტევენ ხარკოვის ჩრდილო - აღმოსავლეთს. ბრძოლები მიმდინარეობს ხერსონის მიმართულებით, დასახლება დავიდოვ ბროდის დასაკავებლად. რუსეთის თავდასხმების შედეგად, დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, არიან დაშავებულები. მსხვერპლია მშვიდობიან მოქალაქეებს შორის სუმის ოლქშიც.