საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მაკრონის ბლოკმა „ერთად“ და მემარცხენე პარტიების გაერთიანებამ ფაქტობრივად თანაბარი ხმები მიიღეს, თუმცა მაკრონის ბლოკმა მცირედით აჯობა კონკურენტებს. მონაცემებს ფრანგული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბლოკი „ერთად“ ჯერ მემარცხენეებს ჩამორჩებოდა, მაგრამ საბოლოოდ 25,75%-ით აჯობა. მემარცხენეებმა 25,66% მიიღო. მათ შედეგებს შორის სხვაობა დაახლოებით 20 ათასი ხმაა. მესამე ადგილზე მარინ ლე პენის მემარჯვენე პოპულისტური „ნაციონალური ასოციაციაა“ ხმების 18,68%-ით.
მემარჯვენე რესპუბლიკელები ხმების 11,29%-ით მეოთხე ადგილზე გავიდნენ. ერიკ ზემოურის ულტრა მემარჯვენე და პრორუსულმა პარტიამ ხმების მხოლოდ 4,24% მიიღო.
საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა რეკორდულად დაბალი აქტივობით - ამომრჩეველთა 52,5% არ გამოცხადდა საარჩევნო უბანზე.
არჩევნების მეორე ტური 19 ივნისს გაიმართება.