ბათუმში სპეცოპერაციისას დაკავებულ თურქ ბიზნესმენს ბრალი წაუყენეს. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი დღეს ჩაინიშნება.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, კი ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარუდგინეს.
''საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 31 მაისს, ბათუმში, გ.ო.-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი.
სამართალდამცველებმა გ.ო. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება'' - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გალიფ ოზთურქი ''მეტრო ჰოლდინგის'' შენობაში ორი დღის წინ დააკავეს.
31 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ: ''მოქალაქე გ.ო.-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ.ო.-სთან, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები''.