საფრანგეთი ორშაბათს ლუგანსკის ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დროს რუსი ოკუპანტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ფრანგი ჟურნალისტის დაღუპვის ფაქტის გამოძიებას მოითხოვს. „საფრანგეთი ამ თავდასხმის გარემოებების შესახებ სწრაფ და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს“ - განაცხადა უკრაინაში ვიზიტისას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ.
32 წლის ფრედერიკ ლეკლერკ-იმჰოფი უკრაინაში ომის შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად უკვე მეორედ იყო მივლინებული. იგი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ მასალას ფრანგული ტელეარხის ბი-ეფ-ემ-ისთვის ამზადებდა.გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელსაც ევაკუაციის ფარგლებში, მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა გამოეყვანა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ლეკლერკ-იმჰოფი მედიის 32-ე წარმომადგენელი იყო, რომელიც 24 თებერვალს უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ დაიღუპა.