მივმართავთ რადიკალურ ოპოზიციას ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად - კობახიძე

23 მაისი 2022, 12:17 860 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ოპოზიციას მიმართავს ჩამოწერონ და გაასაჯაროონ შენიშვნების ჩამონათვალი, რომელიც უკრაინის საკითხის გარშემო საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით აქვთ.

ირაკლი კობახიძის უცხოელ ლობისტებსაც იგივეს ურჩევს. 

''რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი არ მალავს და ღიად ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მეორე ფრონტის არგახსნით არის უკმაყოფილო. თუმცა ბევრია ისეთიც, რომელიც ამ აზრს ღიად არ აფიქსირებს.

სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია და კიდევ ერთხელ განვმარტავთ. ბუნებრივია ისეთი სანქციების დაწესებას, რომლებიც რუსეთს ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას და ხალხს უმძიმეს ტვირთად დააწვებოდა, არავითარი გამართლება არ ექნებოდა.

საკუთარ ქვეყანას და ხალხს ჩვენ სანქციებს ვერ დავუწესებდით.

შესაბამისად ერთადერთი, რაშიც არ გამოვხატეთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხიც იგივე მდგომარეობაში არ არის ჩავარდნილი. თუ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს ის აღიზიანებს, რომ საქართველოში დღეს მშვიდობაა და ქვეყანას წლის პირველ კვარტალში 14,5-%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ამაზეც ღიად უნდა ვისაუბროთ.

ჩვენ გვგონია, რომ ყველა, ვინც უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციით უკრაინასთან დაკავშირებით, სინამდვილეში მხოლოდ იმითაა უკმაყოფილო, რომ საქართველო ომში არ ერთვება. თუ რაღაცის თქმა გსურთ და ვერ ბედავთ, ყველანაირად დაგეხმარებით, რომ სათქმელი ღიად გამოხატოთ.

მივმართავთ რადიკალურ ოპოზიციას, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. საჯაროდ დასმულ კითხვებზე ჩვენც საჯაროდ გაგცემთ პასუხს.

იგივეს ველით თქვენს მიერ დაქირავებული ლობისტებისგანაც. ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, მათ ფულს უხდით თუ რაიმე სხვა ფორმით ემუშავებით. ვხედავთ, რომ უცხოელებსაც აქვთ უკმაყოფილების განცდა, რაზეც ისინი საჯაროდ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე ხშირად მიგვანიშნებენ. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტებს ვერც მათგან ვისმენთ. გვაინტერესებს, რატომ ჰგავს მათი და “ნაციონალების” რიტორიკა ერთმანეთს. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, მათაც ჩამოეთვალათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება უკეთ გაიგებდა, რა არის მათი რეალური სურვილი და განზრახვა“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი