„კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა, ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ შეუძლიათ ცხინვალში შესვლა'' - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიციის ნაწილისთვის გაუგებარი და მიუღებელია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებები.
მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოში არავის უნდა ცხინვალის რეგიონის ომით დაბრუნება და ძალადობრივი მეთოდი გამორიცხულია.
ოპონენტები სამშვიდობო სტრატეგიის არარსებობაზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ოკუპანტი გამუდმებულ ზეწოლაში უნდა ჰყავდეს და საერთაშორისო ასპარეზზე უნდა ითხოვდეს სამშვიდობო ძალების სასწრაფო გაყვანას.
მათი თქმით, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა არ მუშაობს და ახლა ქმედითი მშვიდობიანი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
''ქართულ ოცნებაში'' კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყოველგვარ ესკალაციას თავს აარიდებს.