მარიუპოლის მეტალურგიულ ქარხანაში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ,,აზოვსტალის ‘’ ქარხნის ტერიტორიაზე ასეულობით უკრაინელი დამცველი რჩება, მაშ შორის არის ძალიან ბევრი დაჭრილი და დაშავებული. მათ ანტისანიტარიულ პირობებში, მედიკამენტების, საკვებისა და სასმელი წყლის გარეშე უწევთ ბრძოლა - შესაბამისად, დაჭრილ ჯარისკაცებს საჭირო სამედიცინო დახმარება ვერ უტარდებათ. "აზოვის" ბატალიონის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი ამბობს, რომ ვითარება მძიმეა, რუსეთი კი ტერიტორიას მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ბომბავს.
რუსული ჯარების მხრიდან, ყოველდღიური იერიშების მიუხედავად, ,,აზოვსტალის’’ დამცველები იარაღს არ ყრიან - არ ნებდებიან.
უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, სერგეი ვოლინამ , ილონ მასკის მიმართვის შემდეგ, კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს და სთხოვა, თუ ალყაში მოქცეულ ქალაქში დარჩენილების გადარჩენა შეუძლიათ, ეს გააკეთონ. უკრაინელი დამცველის თქმით, ყოველი წუთი ვიღაცის სიცოცხლეს ნიშნავს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ბოლო ორი დღეა ის და მისი ოჯახი სიცოცხლის მოსპობის მუქარებს იღებენ ადამიანებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ "აზოველების" ახლობლები არიან. მისივე თქმით, უკრაინა იბრძოლებს "აზოვსტალიდან" ყველა მებრძოლის გამოყვანისთვის.