რუსეთის მთავარმა რაბინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა, რომელმაც განაცხადა, რომ ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა. ”არ ვფიქრობ, რომ რუსული დიპლომატიის ხელმძღვანელისთვის რჩევების მიცემის უფლება მაქვს, მაგრამ ცუდი არ იქნებოდა, თუკი ის ბოდიშს მოუხდიდა ებრაელებს და უბრალოდ აღიარებდა თავის შეცდომას” - ამის შესახებ ლაზარმა ებრაულ სააგენტოსთან ინტერვიუში განაცხადა. ომის დაწყებიდან რუსეთი უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ნაციზმში ადანაშაულებს.
იტალიური ტელეარხისადმი მიცემულ ინტერვიუში ტელეწამყვანის პროტესტს, რომ ზელენსკი ებრაელია, ლავროვმა უპასუხა, რომ ჰიტლერსაც ებრაული ფესვები ჰქონდა და, რომ თავად ებრაელები არიან ყველაზე მეტი ანტისემიტები.
რუსეთის მთავარმა რაბინმა უადგილოდ მიიჩნია ჰოლოკოსტსა და უკრაინაში ახლა მიმდინარე მოვლენებს შორის რაიმე პარალელის გავლება. მისი თქმით, ასეთი შედარება ოსვენციმის განმათავისუფლებელი გმირი ჯარისკაცების დამსახურებას აკნინებს.