ომის 70-ე დღეს რუსების სარაკეტო დარტყმის სამიზნე უკრაინის რამდენიმე რეგიონი გახდა. აფეთქებები იყო ლვოვში, სადაც სამი ელექტრო-ქვესადგური დაზიანდა. რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შემდეგ, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გუშინ ღამით, რუსეთმა უკრაინას 18-მდე რაკეტა ესროლა.
ამავე დღეს უკრაინამ სულ მცირე 8 საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია 7 თვითმფრინავისა და ერთი საავიაციო რაკეტის ჩამოგდების შესახებ. ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, სუმის რეგიონში განხორციელდა თავდასხმა რაკეტებითა და ნაღმტყორცნებით.
დონეცკში დაბომბვების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 27. რუსებმა იერიში მიიტანეს ხერსონზეც. დაიღუპა 1 და დაშავდა 4 ადამიანი. სი-ენ-ენ-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირპენიდან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ, ქალაქში 290 ცხედარი იპოვეს.
ირინა ვენედიქტოვამ ირპინში ვიზიტის დროს რუსული ძალების ჩადენილ ომის დანაშაულებზე ისაუბრა.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვლადიმერ პუტინი 21-ე საუკუნის ომის მთავარ დამნაშავედ მოიხსენია. პროკურორის განმარტებით, რუსეთი გაუპატიურებას ომის ტაქტიკად იყენებს. კიევს ამ ეტაპზე 600-ი ეჭვმიტანილის სია აქვს.