მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო - მერის მრჩეველი

02 მაისი 2022, 13:06 931 ნახვა

რუსეთი ფართომასშტაბიან აგრესიას უკრაინაში  არ აჩერებს. 68-ე დღეა უკრაინელები თავისუფლებისთვის იბრძვიან. ყველაზე რთული მდგომარეობა ისევ მარიუპოლში რჩება, საიდანაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დღეს უკვე განახლდა. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა ისაუბრა, პეტრო ანდრიუშენკომ დაადასტურა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა კვლავ დაბომბეს „აზოვსტალის“ ქარხანა. მისი თქმით, დილით დაბომბვები შეწყდა, რასაც ის სწორედ ევაკუაციას უკავშირებს.

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გუშინ დაიწყო. მედიის ცნობით, ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან გასულ დღეს ასზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. მარიუპოლში ამ დროისთვის 100 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება, აქედან ფოლადის ქარხანაში კი 200-მდე. ომის 68 დღეს აგრესორებმა გააგრძელეს დაბომბვები ხარკოვის ოლქშიც.

პარალელურად ტელეგრამ არხზე ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, ხარკოვის ერთ-ერთი გათავისუფლებული სოფლიდან ადგილობრივების ემოციური შეხვედრა, უკრაინელ დამცველებთან.  

რუსული ჯარების იერიშს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 8 ადამიანი. მსხვერპლი იყო ქალაქ ლიმანშიც, სადაც დაბომბვების დროს 4 ადამიანი დაიღუპა. ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსმა თავდამსხმელებმა რეგიონში ბოლო 24 საათში ათობით სახლი დაანგრიეს. დაიღუპა 3 მოქალაქე, კიდევ 3 კი დაიჭრა. 

ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკში ოკუპანტებმა საუკუნოვანია გიმნაზია გაანადგურეს. უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატმა „ბაირაქტარმა“ შავ ზღვაში რუსეთის „რაპტორის“ კლასის ორი საპატრულო კატარღა გაანადგურა. რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით, 23 800 სამხედროს აღწევს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი