დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ ყოფილიყო, აქ იქნებოდა ომი, მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს - პრემიერი

27 აპრილი 2022, 16:00 1239 ნახვა

მინდა ჩვენს ხალხს სრული პასუხისმგებლობით მივმართო და განვუმარტო - მთელი ეს ვითომ სკანდალები, აჟიოტაჟი და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მიმართული იყო მხოლოდ ერთი მიზნისთვის,  რაიმენაირად საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ ყოფილიყო, აქ იქნებოდა ომი, მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს.

„მას შემდეგ, რაც მე, ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ და ვუთხარით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, მას შემდეგ დაიწყო უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი. გახსოვთ ელჩის გაწვევის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, ჩემი რაღაც ბრალდებები, ამას დაემატა პირდაპირი დეკლარირებული აღიარება უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ მათი სურვილი და ამოცანა იყო და არის მოლდოვაში და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

 

სააკაშვილმა ყველაზე დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა - როცა თავიდან არ აარიდა ჩვენს ხალხს და ქვეყანას ომი და შედეგად ქვეყანა დაინგრა. დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ ყოფილიყო, აქ იქნებოდა ომი, მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, არსებობდა კონკრეტული ინფორმაციები, რომ ომი უნდა დაწყებულიყო უკრაინაში ნოემბერ-დეკემბერში. სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, რომ აქედან ყოფილიყო მზაობა მეორე ფრონტის გახსნის.

„მე, როგორც მთავრობის მეთაურს, მაქვს ბევრი ინფორმაცია, ზოგი ითქმის საჯაროდ და უფრო მეტი კი - არა. მე რაც ვუთხარი ჩვენს ხალხს, ამაზე ვარ პასუხისმგებელი, რომ იყო განზრახვა მეორე ფრონტის გახსნის, ჯერ კიდევ არსებობდა კონკრეტული ინფორმაციები, რომ ომი უნდა დაწყებულიყო უკრაინაში ნოემბერ-დეკემბერში. სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, რომ აქედან ყოფილიყო მზაობა მეორე ფრონტის გახსნის. ეს სამწუხაროდ დაადასტურეს უკრაინელმა მეგობრებმა. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ არაფერს გავაკეთებთ“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ არანაირი მეორე ფრონტი და მეორე ომი საქართველოში არ იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯარდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნებს გამოეხმაურა.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ პატიმრებზე საჯაროდ ხალხს არ ვესაუბრები. არსებობს შესაბამისი უწყება, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერი კითხვით“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი