რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევში ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, ამის შესახებ ინფორმაცია საოლქო საბჭოს ხელმძღვანელმა ანა ზამაზეევამ გაავრცელა. დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. რუსებმა ხარკოვის რეგიონში, საევაკუაციო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, გარდაიცვალა 7 და დაშავდა 27 ადამიანი. თავდაცვის ძალების მეთაურმა სერგეი ნაევმა განაცხადა, რომ ხარკოვის ირგვლივ ვითარება კვლავ მძიმეა.რაც შეეხება მარიუპოლს, რომელიც თვეზე მეტია ალყაშია, საკრებულოს ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა საცხოვრებელი სახლების ეზოებში არსებული საფლავებიდან გვამების ექსგუმაცია დაიწყეს, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ გზით ისინი მსხვერპლის დამალვას აპირებენ. ამასთან უკრაინის დაზვერვამ მარიუპოლში 13 მობილური კრემატორიუმიც დააფიქსირა. აფეთქების ხმა ისმოდა ხარკოვშიც, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვიდეო მასალა არ ვრცელდება. ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელშიც დედა და ორი შვილი იმყოფებოდა, განაცხადა ბუჩის პროკურატურის ხელმძღვანელმა რუსლან კრავჩენკომ, უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, ადამიანებს ესროდნენ ევაკუაციის დროს, მაშინ, როდესაც ქალები და ბავშვები ცდილობდნენ უსაფრთხო ადგილამდე მისვლას. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, კრეისერ „მოსკოვის“ კაპიტანი ანტონ კუპრინი ბორტზე აფეთქებისას დაიღუპა. ინფორმაცია ოფიციალურ პირებს არ დაუდასტურებიათ. გეტყვით, რომ აღნიშნულმა კაპიტანმა გასცა ბრძანება კუნძულ ზმეინის დაბომბვის შესახებ.