ომის 35 დღე უკრაინაში და რთული, მძიმე ვითარება რამდენიმე რეგიონში. უკრაინელი ჯარისკაცები იგერიებენ რუსი საოკუპაციო ძალების იერიშებს. მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის განცხადებით, კრემლის გეგმები მთლიანად ჩაიშალა. ვიგებთ, რომ უკრაინული ძალები ათავისუფლებენ სუმის რეგიონს, ხარკოვისა და კიევის რეგიონების ნაწილს.
ყველაზე რთული ვითარება ისევ მარიუპოლშია, სადაც "რთული ჰუმანიტარული სიტუაციის მოსაგვარებლად" პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა "იარაღი უნდა დაყარონ.
ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა კიევის შემოგარენში. საჰაერო განგაშის ხმა კიევის გარდა ისმოდა ხარკოვში, დნეპროპეტროვსკსა და კრივოი-როგშიც. ლუგანსკში ოკუპანტების თავდასხმამ მაღალი წნევის გაზსადენი დააზიანა, უკრაინის ქალაქ ლისიჩანკში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინის ქალაქ ირპენში მოქალაქეებს ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ.
მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს ყველა იმ ადგილიდან, სადაც საომარი მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. რუსების მხრიდან ნიკოლაევის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე მიტანილ იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 33 კი დაშავდა. საცხოვრებელი კორპუსები მთლიანად განადგურებულია უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში, რომელიც ამ დრომდე ალყაში რჩება.
ყველაზე მძიმე მდგომარეობა ისევ მარიუპოლშია. გავრცელდა დრონის ახალი კადრები , რომლებიც ადასტურებს თუ რა ზიანი მიადგა ქალაქს, რომელიც ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. ჩანს ასობით ადამიანი სუპერმარკეტთან რიგში, რომლებიც შენობაში შესვლას ელიან. მარიუპოლის მერმა თქვა, რომ ორშაბათის მონაცემებით, ქალაქში 160 000 ადამიანია.
მარიუპოლის მერის ცნობით, ოკუპანტებმა ლივობერეჟნის რიონში მდებარე სამშობიარო კლინიკიდან სამედიცინო პერსონალი და პაციენტები, 70-ზე მეტი ადამიანი იძულებით რუსეთში გაიყვანეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში ამბობენ, რომ რუსეთის ჯარების გადაადგილება უკრაინელი სამხედროების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი. ანდრეი ერმაკის თქმით, ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად მუშაობენ.