რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით საომარ მოქმედებებს მკვეთრად ამცირებს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტისა და არაბირთვული სტატუსის თაობაზე შეთანხმების მომზადება, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ მოლაპარაკებები პრაქტიკაში ხორციელდება, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული პრინციპების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ურთიერთნდობის გაზრდისა და მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად და ზემოთ აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერაზე შეთანხმების საბოლოო მიზნის მისაღწევად გადაწყვიტა სამხედრო აქტივობის რადიკალურად შემცირება კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით“, – განაცხადა ფომინმა.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მოსკოვმა კიევს პრეზიდენტ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შესთავაზა, რომელსაც თან უნდა ახლდეს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა.
ვლადიმირ მედინსკის თქმით, უკრაინული მხარის შემოთავაზებებთან დაკავშირებით ისინი ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიაწვდიან.
„მოსკოვი ვითარების დეესკალაციის მიზნით კიევის მისამართით ორ შემხვედრ ნაბიჯს დგამს. ჩვენ მივიღეთ წინადადება უკრაინის მხრიდანაც. მათი პოზიცია გასაგებად არის ფორმულირებული. ამ წინადადების განხილვა მოხდება უახლოეს პერიოდში“,- განაცხადა მედინსკიმ.
მისივე განცხადებით, რუსული მხარე კონფლიქტის დეესკალაციისთვის ორ ნაბიჯს დგამს. ერთ-ერთი ნაბიჯი სამხედრო ასპექტს ეხება, ხოლო მეორე - პოლიტიკურს.