რუსეთი დღემდე აცხადებს, რომ უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავს, თუმცა რეალობა სხვაა. დღეს ომის 34-ე დღეა- საბრძოლო მოქმედებები კი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ყველაზე მძიმე ვითარება ხარკოვსა და მარიუპოლშია. მარიუპოლი რუსების მიერ ისევ ალყაშია, ქალაქის მერის ინფორმაციით, საპორტო ქალაქის 5 ათასი მცხოვრები, მათ შორის 210 ბავშვი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიღუპა. მარიუპოლში, 170 000 მცხოვრები რჩება.
ქალაქის მრავალსართულიანი კორპუსების 90% დაზიანებულია, მათგან 40%-ზე მეტი განადგურებული. 7 საავადმყოფოდან 3 მთლიანად დანგრეულია. რაც შეეხება სკოლებს, 57 სკოლა დაზიანდა, მათგან 23 - დაინგრა.
აგრესორების სამიზნე მარიუპოლის პარალეელურად, ხარკოვიცაა. აქ ღამით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 7 ადამიანი. მძიმე დღების ფონზე, შეინიშნება პოზიტიური ძვრებიც.
უკრაინის პოზიციები ძლიერდება, მათ მოახერხეს რამდენიმე დასახლებისა და ქალაქის გათავისუფლება, თუმცა ჯერ კიდევ რჩება ადგილები, რომლის გაკონტროლებასაც რუსეთი ცდილობს. ამჯერად მათი მიზანი კიევის მახლობლად უკრაინის არმიის პოზიციების გარღვევაა.
უკრაინის თავდაცვის ძალების ბოლო მონაცემებით - მტრის ჯარებმა კრივოი როგიდან 40-60 კილომეტრით უკან დაიხიეს, გათავისუფლებულია კიდევ რამდენიმე დასახლება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, რივნეს რაიონში, სადაც რუსებმა ნავთობის საცავზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, ქიმიური და რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია.